სამომხმარებლო პანიკა:რას ყიდულობენ ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყნებში და რატომ იქცა ტუალეტის ქაღალდი კრიზისის სიმბოლოდ

მაღაზიების ცარიელი თაროების და უზარმაზარი რიგების ფოტოებით მსოფლიოს მაშტაბით სოციალური ქსელები გადაჭრელებულია.

ავსტრალიაში, აშშ–ში, სამდრეთ აფრიკაში, ბრიტანეთში თუ გერმანიაში ადამიანები პროდუქტების უკმარისობაზე საუბრობენ. როგორ გამოიყურება “panic buying“, ანუ აჟიოტაჟური მოხმარება მსოფლიოს ქვეყნებეში:

სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების სია თითქმის იდენტურია:

• ანტიბაქტერიული საშუალებები და ხელის საპონი
• ტუალეტის ქაღალდი და ხელსახოცები.
• არამალფუჭებადი რძე
• მაკარონი
• ბოსტნეულის კონსერვები
• ბრინჯი
• საწმენდი და სადეზინფექციო სითხეები
• ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

სხვადასხვა ქვეყნებში სია იცვლება, თუმცა უმნიშვნელოდ. მაგალითად, აშშ–ში დიდი მოთხოვნაა იარაღზე და აირწინაღებზე. იარაღზე და საბრძოლო მასალებზე მოთხოვნაა ავსტრალიაშიც, თუმცა იქ ხორცის და ხილის დეფიციტიც გაჩნდა.


ხელისუფლებები მოსახლეობას მიმართავენ სამომხმარებლო პანიკას არ აყვნენ. ბრიტანეთში მაღაზიების მენეჯერები მყიდველს თხოვენ გონიერება გამოიჩინონ, თუმცა უშედეგოდ.

აჟიოტაჟური მოთხოვნილება ადამიანების ქცევაზეც აისახება და ბევრი ქვეყნის ხელისუფლება იძულებული ხდება ზომები მიიღოს საქონლის, მაღაზიების და მათი პერსონალის დასაცავად. ამავე დროს, ტუალეტის ქაღალდის და კონსერვების დეფიციტი უცნაურ სიტუაციებს იწვევს.
ხუთშაბათს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა შეწყვიტონ ამდენი პროდუქტის ყიდვა.

“შეჩერდით. ეს უგუნურებაა, ეს არ გიშველით“– განაცხადა მორისონმა და დასძინა, რომ ავსტრალიელების ასეთი საქციელით იმედგაცრუებულია.

ავსტრალიურმა სუპერმარკეტებმა ერთ–ერთმა პირველებმა იგრძნეს კორონავირუსისგან გამოწვეული აჟიოტაჟური მოთხოვნის ეფექტი. მაღაზიებს უკიდურესი ზომების მიღება უწევთ.

მყიდველები მეგაპოლისებიდან მასობრივად მიდიან უფრო პატარა ქალაქების მაღაზიებში და პროდუქტებს იქ ყიდულობენ. მელბურნიდან ჩასული “დესანტების“ მოსაგერიებლად პატარა ქალაქ რიდელს კრიკის სუპერმარკეტის მფლობელები იძულებულნი გახდნენ დაცვა დაექირავებინათ, რომლებიც ახლა მაღაზიაში შტატის დედაქალაქიდან ჩასულებს აღარ უშვებენ.

ერთ–ერთი ავსტრალიური სუპერმარკეტის მოლარე ბი ბი სი–ს უყვება, რომ ადამიანები საკუთარ სტრესს მაღაზიებში ერთმანეთზე ანთხევენ:

„ვხედავ ეგოიზმს, აგრესიას, რასიზმს, შეუწყნარებლობას, სულსწრაფობას და სხვების მიმართ სრულ უპატივცემულობას. გუშინ ვემსახურებოდი ქალს ნიღაბში და სათვალეში, აზიური გარეგნობით. ჩემი კოლეგა მამაკაცს ემსახურებოდა. ეს კაცი ჩემს კლიენტს ამცირებდა შეურაცხყოფას აყენებდა. ასეთი შეურაცხყოფები ხშირია თავსაბურავიანი ქალების მიმართ. ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, ჩემი კლიენტი უკვე ტიროდა„– ამბობს მოლარე ქალი.

აშშ–ს მოსახლეობა გამალებით ყიდულობს ტუალეტის ქაღალდს, ფაფებს და კონსერვებს. სხვა ქვეყნების მსგავსად მაღაზიების უმრავლესობაში აქაც შეზღუდვებია დაწესებული ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ქაღალდის რაოდენობაზე. ზოგმა იმდენი ჰიგიენური საშუალება იყიდა, რომ ახლა მათ დიდი ფასნამატით ყიდის. ყველაზე ნათელი მაგალითი New York Times–ის მიერ მოთხრობილი ისტორიის გმირი ძმები კოლვინები არიან, რომლებმაც კენტუკის და ტენესის შტატის მაღაზიები მოიარეს და 17 700 ბოთლი სანიტარული გელი იყიდეს.


მათ შესყიდვა ჯერ კიდევ პირველ მარტამდე დაიწყეს, აშშ–ში კორონავირუსით პირველი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ. 1300 მილი გაიარეს, დახლები დააცარიელეს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა მოახერხეს. ტენესში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს და ძალაში შევიდა კანონი, რომელიც განსაკუთრებით საჭირო პროდუქტზე სპეკულაციურ ფასებს კრძალავს და მათი პროდუქტი დაიბლოკა, მათ მიმართ კი გამოძიება დაიწყო.

აშშ–ში ეპიდემიის ფონზე იარაღზე მოთხოვნაც გაიზარდა. ამერიკელები თვლიან, რომ პანდემიას ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება, მას კი ძარცვისა და კრიმინალის გახშირება.

რას ნიშნავს “panic buying”?

ისე მოხდა, რომ ტუალეტის ქაღალდი კრიზისულ დროში სტაბილურობის სიმბოლოდ იქცა. რატომ თვლიან ადამიანები, რომ რაც შეიძლება ბევრი ტუალეტის ქაღალდი უნდა მოიმარაგონ?

მსოფლიოს სხვადასხვა მედიის მიერ გამოკითხული ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს ჭირდება სიტუაციაზე კონტროლის შეგრძნება. კორონავირუსზე დაუსრულებელი ახალი ამბების გამო კი მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ კონტროლს სრულად კარგავენ.

“ზოგადად, განგაშისა და შფოთის შეგრძნება დიდწილად გაურკვევლობას და იმის მოლოდის უკავშირდება, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. კორონავირუსი ამის მიკრო მოდელია. კრიზისების შემთხვევაში, რომლებსაც ეპიდემია იწვევს, ადამიანებს აღარ აქვთ წარმოდგენა აღარც დროის ჩარჩოებზე, არც სიტუაციის სერიოზულობაზე, ყოველღდიურად ჩვენ ვიღებთ სიგნალებს იმის შესახებ, რომ დროა პანიკაში ჩავვარდეთ და ვიყიდოთ იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება“– ამბობს სქაი ნიუსთან საუბრისას სამომხმარებლო ქცევის ექსპერტი ლონდონის კოლეჯიდან დოქტორი დიმიტრიოს ცივირიკოსი.

ამასთან, მისი აზრით კომფორტის შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანია შეძენილი პროდუქტის ზომა. სწორედ ამით აიხსნება ნაწილობრივ ადამიანების მისწრაფება თარებზე აშკარად შესამჩნევი ტუალეტის ქაღალდის დიდი შეფუთვები იყიდონ.

“პანიკის აღმნიშვნელი საერთაშორისო ნიშანი რომ გვქონდეს ეს აუცილებლად იქნებოდა საგზაო ნიშანი ტუალეტის ქაღალდის ხვეულით“– ციტირებს სქაი ნიუსი ექსპერტს.