კორეულმა კონცერნმა Samsung Electronics, რომლის მობილური ტელეფონები რუსეთში ყველაზე პოპულარულია, Apple–ს კვალდაკვალ განაცხადა, რომ რუსეთში პროდუქციის შეტანას წყვეტს.
“ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დაკვირვებას შექმნილ სიტუაციაზე, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო სააგენტოები ციტირებენ.
სააგენტო როიტერი წერს, რომ Samsung–ზე რუსეთის მობილური ტელეფონების ბაზრის 30% მოდის.
რუსეთის მიმართ შემოღებული მაშტაბური სანქციები სავაჭრო ემბარგოს არ მოიცავს, თუმცა უცხოური კომპანიები რუსული ბაზრიდან თვითონ მიდიან – მორალური პოზიციის გარდა მიზეზი ანგარიშსწორებაში შექმნილი პრობლემებია, რაც რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირებამ გამოიწვია.
ჯერჯერობით რუსეთიდან არ წასულან ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლები.