დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ნამუშევარი დროის ყოველდღიური აღრიცხვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული.
კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც სამუშაო დროის აღრიცხვას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით.
„დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გაცემასთან ერთად დასაქმებულს გადასცეს ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი არ აღრიცხავს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაო საათებს სასამართლოში ნამუშევარი საათების შესახებ დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, პროექტში გაწერილია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროის საკითხებიც. მათ შორის, კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულმა სამუშაო დღის განმავლობაში მინიმუმ 45 წუთიანი შესვენებით უნდა ისარგებლოს.
„დასაქმებულმა არ შეიძლება იმუშაოს შესვენების გარეშე, თუ მისი სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4 საათს აღემატება. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 4 საათზე მეტსა და 9 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, შესვენების დრო უნდა იყოს წინასწარ წერილობით დადგენილი სულ მცირე 45 წუთი. ხოლო თუ სამუშაო დროს ხანგრძლივობა 9 საათს აღემატება, შესვენების დრო უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი მაინც. ღამის სამუშაოზე დასაქმებულს, თუ მისი სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 4 საათს, დამატებით უნდა მიეცეს შესვენების 60 წუთი მაინც,“-აღნიშნულია პროექტში.