ორშაბათს სომხეთში და აზერბაიჯანში დიდი საზოგადოებრივი დისკუსია მოყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საოპერო მომღერალმა იუსიფ ეივაზოვმა უარი თქვა სცენაზე სომეხ მომღერალ რუზან მანთაშიანთან ერთად გამოსვლაზე მისი ნაციონალობის გამო. საქმე ეხება ცნობილ დრეზდენის საოპერო მეჯლისის გახსნას, რომელიც წელს 7 თებერვალს ჩატარდება.
თუმცა, ახალი ამბავი, რომელსაც მრისხანებით ან მოწონებით განიხილავდა ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები, ერთადერთ წყაროს ეფუძნებოდა: სააგენტოს განცხადებას, რომელიც მანთაშიანს წარმოადგენს.
თვად აზერბაიჯანელი ტენორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.
მოვლენების განვითარების ვერსიები ბიბისის ინფორმაციით ერთმანეთს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ აქამდე ფაქტების რეალურად დადგენა შეუძლებელია. ბიბისი წერს, რომ ვინც არ უნდა აღმოჩნდეს ამ ისტორიაში მართალი, საოპერო სკანდალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის რეალობას ასახავს, რომელშიც ერთმანეთის მიუღებლობა იმდენად დიდია, რომ სრულიად აპოლიტიკურ სფეროებს – კულტურას, სპორტს და შოუ ბიზნესსაც ეხება.
რა მოხდა სინამდვილეში?
ორშაბათს ფრანგულმა სააგენტომ – Agence Massis Opera, რომელიც სომეხ საოპერო მომღერალს, რუზან მანთაშიან ს წარმოადგენს, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოპერო მეჯლისის ორგანიზატორებმა უარი თქვეს მის მომსახურებაზე ეივაზოვის მოთხოვნით, რომელმაც თითქოსდა უარი თქვა სცენაზე სომეხ მომღერალთან ერთად გამოსვლაზე.
იმავე დღეს ეივაზოვმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა ეს ვერსია უარყვეს. ეივაზოვის აგენტმა ბიბისის უამბო, რომ თავიდან საუბარი იყო მხოლოდ ერთ ნომერზე ეივაზოვის მონაწილეობით. მანთაშიანთან დუეტი არ იგეგმებოდა.
მანვე დასძინა, რომ მომღერალს პირადად არაფერი აქვს საწინააღმდეგო სომეხი მომღერალი ქალის წინააღმდეგ და ზოგადად, სომეხი მომღერლების წინააღმდეგ.თვითონ ეივაზოვმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკას და ოპერას ერთმანეთისგან მიჯნავს.
“მე აზერბაიჯანელი ვარ და მაქვს აბსოლუტურად მკაფიო ხედვა და აზრი სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს, თუმცა ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არასოდეს არ ეხება ჩემს პროფესიას და სასცენო კოლეგებს“ – დაწერა ტენორმა ინსტაგრამზე.თუმცა, ეივაზოვმა სომეხი მომღერლის მისამართით ირონიული კომენტარისგან თავი ვერ შეიკავა:
“ახლა მაინც გაიცნობს ვინმე“– დაწერა მან საკუთარი პოსტის კომენტარებში. მოგვიანებით ეს კომენტარი წაიშალა.
აივაზოვმა ხაზი გაუსვა, რომ რეგულარულად გამოდის სცენაზე სომხებთან ერთად. და ეს მართლაც ასეა.
არსებობდა თუ არა კონტრაქტი
ფესტივალის ორგანიზატორი Semper Opernball ამტკიცებს, რომ მანთაშიანთან კონტრაქტი არ ქონია. თუმცა, ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელებულ პრეს რელიზში დაანონსებული იყო მანთაშიანის და ეივაზოვის გამოსვლა.
ოთხშაბათს მანთაშიანის სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საკუთარი ვერსია გაიმეორა: თითქოს 10 იანვარს Semper Opernball–ის წარმომადგენლებმა მანთაშიანთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს და მიზეზად აივაზოვის მოთხოვნა დაასახელეს.
ფესტივალის წარმომადგენელმა ბიბისის უამბო, რომ ვერსია ქსენოფობიის შესახებ აბსოლუტურად გამორიცხულია და ორგანიზაციიდან ასეთ წერილს არავინ გაგზავნიდა.
“სიმართლე რომ გითხრათ, გერმანიაში ნაკლებად ვფიქრობთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე“ – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
მოკლედ, ერთის მხრივ ფესტივალის ორგანიზატორები და აივაზოვი, და მეორეს მხრივ მანთაშიანის ფრანგი აგენტები საკუთარ ვერსიებს იცავენ. მომღერლები მედიისთვის კომენტარს არ აკეთებენ, ფესტივალის ორგანიზატორი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მანთაშიანთან კონტრაქტი საერთოდ არ ქონია.