საპროტესტო აქციები ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. დაკავებულია ათობით ადამიანი

ასობით ადამიანი გამოვიდა ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. პოლიციამ მომიტინგეები დააკავა.
დედაქალაქ ნურსულთანში აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 700–მა ადამიანმა მიიღო.
ალმაატის საოლქო ცენტრში კი დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოქალაქეებს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი არჩევნებს უსამართლოს და არადემოკრატიულს უწოდებენ, შედეგებს კი წინასწარ განსაზღვრულს.
ყაზახეთის შს მინისტრის მოადგილის თქმით არასანქცირებული მიტინგების შედეგად ნურსულთანსა და ალმაატაში დაახლოებით 100 ადამიანია დაკავებული.
ქალაქ შიმკენტში კი 20 ადამიანი. დაკავებულთა შორის არიან ადგილობრივი ჟურნალისტებიც. მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი კრის რიკლტონში რომელიც სააგენტო ფრანს პრესისთვის მუშაობს. მან ტვიტერზე დაწერა, რომ დააკავეს. ჟურნალისტი წერს, რომ თვალი დაკავებისას დაულურჯეს, როცა მუხლებზე დაეცა და პოლიციელები ურტყამდნენ. კრის რიკლტონმა და მისმა კოლეგამ ორი საათი გაატარეს პოლიციის სამმართველოში, სანამ საქმეში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ ჩაერია. ამის შემდეგ ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ინტერნეტის ბლოკირების პრობლემაც გაჩნდა. არჩევნების დღეს შეიზღუდა სოციალურ ქსელებზე წვდომა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბულატ დემბაევმა განაცხადა, რომ “ცალკეული მომხმარებლები“ სოციალურ ქსელებში არჩევნების დღეს უკანონო აგიტაციას ეწევიან, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ არაფერი იცის სოცქსელების დაბლოკვის შესახებ.
ყაზახეთის შსს ამტკიცებს, რომ არასანქცირებული მიტინგები კანონის მიერ აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის დაგეგმილია. “ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ ქვეყნიდან გაქცეული ლიდერი კი “არჩევნების წინ მასირებულ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა ქვენყის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირებისთვის და გამოდიოდა არჩევნების პერიოდში ანტისაზოგადოებრივი ქმედებების მოწოდებით.“
აკრძალული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, მუხთარ აბლიაზოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ის მართლაც მოუწოდებდა მის მომხრეების 9–10 ივლისს ქუჩის პროტესტისკენ.

რიგგარეშე არჩევნები ყაზახეთში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 20 მარტს ნურსულთან ნაზარბაევი პოსტიდან გადადგა. ის ქვეყანას 30 წელი უცვლელად მართავდა.
პრეზიდენტობის კანდიდატად 7 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ ჯომარტ ტოკაევი, რომელიც ნაზარბაევის პარტიამ წამოაყენა.

დღეს დილით საარჩევნო უბანზე მისულმა ტოკაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყაზახეთი ნაზარბაევის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს.

გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმელის 50%–ზე მეტი ჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.