საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის მიხედვით პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მსოფლიოში უკვე მე-14 წელია უარესდება. ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2020“ მსოფლიოში გასული წლის მანძილზე დემოკრატიის მდგომარეობას და ტენდენციებს ასახავს.
საქართველო წელსაც ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის რჩება. საქართველოს თავისუფლების რეიტინგში 100 ქულიდან 61 აქვს მინიჭებული. ამ შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ორი ქულით უკან დაიხია. 2019 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 63 ქულა იყო.
ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ნარინჯისფერი ფერითაა აღნიშნული, რაც „ნაწილობრივ თავისუფალს“ აღნიშნავს. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 40-დან 24, ხოლო სამოქალაქო უფლებების მხრივ ქვეყანას 60-დან 37 ქულა აქვს მინიჭებული.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, სომხეთს – 53, აზერბაიჯანს -10, რუსეთს – 20, ხოლო თურქეთს – 32 ქულა აქვს მინიჭებული. აღმოსავლეთ პარტნირობის სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: უკრაინა – 62, მოლდოვა – 60, და ბელარუსი – 19 ქულა.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად მსოფლიოს ბევრ ნაწილში არაერთი მასობრივი პროტესტისა, რომლითაც მოსახლეობა უკეთეს მმართველობას და მეტ დემოკრატიას ითხოვდა, ტენდენციები მაინც უარყოფითია და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, არა მხოლოდ ისეთ, ავტორიტარულ მქონე ქვეყნებში, როგორებიც ჩინეთი, რუსეთი და ირანია, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მსოფლიოში დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეფასებული 41 ქვეყნიდან 25-ში ვითარება გაუარესდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში კი ყოველ წელს სიტუაცია უფრო მეტ ქვეყანაში უარესდებოდა, ვიდრე – უმჯობესდებოდა.
იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც 2019 წელს დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, აჭარბებს მათ რიცხვს, სადაც მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ორგანიზაციის თანახმად, შემაშფოთებელია ტენდენცია მთავრობების დამოკიდებულებების ცვლილებისა ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის, პლურალიზმის მიმართ. ეთნიკური, რელიგიური და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებები ილახება, როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებში. ამგვარი დარღვევების უყურადღებოდ, დაუსჯელად დატოვება კი საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.
ანგარიშის მთავარი მონაცემები ასეთია.
195 შეფასებული ქვეყნიდან 83 ( 43 %) თავისუფალია, 64 (32 %) ნახევრად თავისუფალი, 49 კი (25 %) არათავისუფალი. თავისუფალი ქვეყნების წილი გასული ათწლეულის განმავლობაში 3%-ით შემცირდა მაშინ, როცა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების მაჩვენებელი ორით, არათავისუფალი ქვეყნების კი ერთით გაიზარდა.
განსხვავება იმ ქვეყნების რაოდენობას შორის, სადაც გაუმჯობესება და გაუარესება დაფიქსირდა, ფართოვდება: 2019 წელს 64 ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებების გაუარესება დაფიქსირდა. გაუმჯობესება კი – მხოლოდ 37 ქვეყანაში. გასულ წელს ამ რაოდენობას შორის განსხვავება ნაკლები იყო ( 68/50)
– მსოფლიოს იმ 41 დემოკრატიიდან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში გამუდმებით ფასდებოდა, როგორც “თავისუფალი დემოკრატიის” მქონე ქვეყნები, 25 ქვეყანაში შეფასების ქულა გაუარესდა.
– როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები თავისუფლებას საერთაშორისო არენაზე მხარს უჭერენ, ავტორიტარული ძალებმა გააფართოვეს თავიანთი გლობალური გავლენა მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული ომებით, არჩევნებში ჩარევითა და საზღვრებს მიღმა ცენზურით.
“ანგარიში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დემოკრატია უარესდება. პოლიტიკური უფლებები და სამოქალქო თავისუფლებები საფრთხეშია როგორც თავისუფალ, ისე რეპრესიულ საზოგადოებებში. ამ ტენდენციის შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ხელისუფლებისგან, წნეხით ხალხისგან და პარტნიორებისგან ბიზნეს საზოგადოებიდან”, – ამბობს მაიკ აბრამოვიჩი.