თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში აფასებს.
“იესო ქრისტეს მოძღვრების თანახმად, ყველაზე მძიმე ცოდვა არის ამპარტავნება, ხოლო ამპარტავნების ყველაზე მძიმე ფორმა არის საკუთარი თავის გაღმერთება, კერპად ქცევა; ესაა 10 მცნებიდან პირველი მცნების დარღვევის უმძიმესი ფორმა. ნამდვილი ტრაგედიაა, რომ საქართველოს ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ამ ცოდვაშია ჩაფლული.
მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნიანი ასკეტური გამოცდილების მიხედვით, ესაა ფაქტობრივად განუკურნებელი სულიერი სიმსივნე, ლუციფერის გზა, რომელიც არამარტო პიროვნების, არამედ გარემოს სრულ დესტრუქციას, ნგრევას, სულიერ დაღუპვას, წარწყმედას იწვევს. თუკი პიროვნების კულტში, სატანის თაყვანისცემაში მასებია ჩაფლული, მაშინ სატანის მსახურების ეს ფორმა ნებისმიერი განსხვავებული პოზიციისადმი შეუწყნარებლობის, ჩაგვრის, უსამართლობისა და ძალადობის წარმოშობის საფუძველი ხდება.
სწორედ ამ ცოდვის საფუძველზე შეიქმნა კომუნისტური და ფაშისტურ-ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმები, სწორედ ამ ცოდვის საფუძველზე გიზგიზებს ჯოჯოხეთი დედამიწაზე, სწორედ ამ ცოდვაში ვართ ჩვენც, როდესაც პატრიარქს, მღვდელმთავარს, მოძღვარს, ბელადს ვეთაყვანებით როგორც უცოდველ, შეუმცდარ არსებებს და ვდევნით, ვაგინებთ, ვანადგურებთ მათ, ვინც ამ კულტის, ამ სატანიზმის წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას. მზიანი ღამე, მეგობრებო, არ არის ილია მეორე, – მისი ამგვარი თვითგანდიდება უმძიმესი მკრეხელობაა! მზიანი ღამე არის ჯვარცმული ღმერთი, უფალი იესო ქრისტე, – ერთადერთი, ვისაც ეკუთვნის მწყალობელისა და მხსნელის პატივი და დიდება! ”-წერს მინდიაშვილი.