„საქართველოს ფოსტამ“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით პირბადის გაგზავნა აკრძალა

„საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.