ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს.
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.
ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მარნეული – სოფელი ახკერპი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
თიანეთი – სოფელი ჩაბანო. ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
დუშეთი – სოფელ ახალ ტონჩასთან ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 15 მეხანძრე-მაშველი.
წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ვანი – სოფელი ძულუხი. დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
„ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყება მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.