საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს.
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციაში ნათქვამი.
„გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი
იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
IRI-ის ცნობით, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.
IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.