2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტის შესახებ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან. ასევე, შესაბამის უწყებებთან, რათა ყველა ღონისძიება გატარდეს მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. აღიშნულ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გოგოსა და მისი ოჯახის ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი განათლების გაგრძელებას გეგმავს.
აღნიშნულმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების ადგილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი გამოწვევაა უწყებებს შორის დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ადგილზე სერვისების მიწოდება, რაც რიგ შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღწეული.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ეტაპზე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანობის აღდგენის, ასევე მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობას, კოორდინაციის და ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჩართვა სახელმწიფო სერვისებში, დაიცვან მისი საუკეთესო ინტერესები და ყველანაირი ძალისხმევა მიმართონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მედიასაშუალებების მხრიდან საკითხის გაშუქებისას წამყვანი იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.