ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატების რეპუტაციას, -ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას ლიეტუვური გამოცემა „ბალთიქ თაიმსი“ ავრცელებს.
”სამინისტრო გააგრძელებს დიპლომატიური ზომების მიღებას არსებული ვითარების მოსაგვარებლად“, – აცხადებენ ლიეტუვას საგარეო უწყებაში.
ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ბრალდებებს უარყოფს.
სალუქვაძის თქმით, დავა დასრულებული არ არის და ბინის ესპანელ მეპატრონეს არაკანონიერად ზედმეტი თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს. დიპლომატი აცხადებს, რომ მეპატრონემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და აპირებს საქმეზე სასამართლოს მიმართოს.
„იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემა არ იქნება გამოყენებული, რომ მოხდეს ჩემი ინტერესების და რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ ნდობას და პატივისცემას ლიეტუვას სასამართლოს მიმართ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას შესაძლებლობა ექნება საფუძვლიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანოს განაჩენი“, – აცხადებს დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძეს, ბინის მეპატრონე ქირის გადაუხდელობის ბრალდებით ედავება.