საქართველოში კორონავირუსი მარტის შუა რიცხვებამდე დადასტურდება – გენეტიკის ლაბორატორია

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში კორონავირუსის COVID-19 ტესტირება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  მარტის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის დადასტურება მოსალოდნელია.

„დიახ, ეს ტესტი მარტო ჩვენთან კეთდება, სხვა არცერთ კერძო ლაბორატორიას არ აქვს ამის შესაძლებლობა.

ამ ტესტის გასაკეთებლად არ გჭირდებათ ვინმესგან ნებართვა ან უაზრო რიგებსა და პროცესებში გახლართვა.

ჩვენთან ( ლაბორატორიაში) ჯერ არ დაფიქსირებულა, თუ დაფიქსირდება ამას ვიტყვით. ასე არის სწორი. მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.

დიახ, ველოდებით რომ მომავალი კვირის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე დაიწყებს ვირუსის შემთხვევები დადასტურებას.

ნაკურთხი წყალი და ლოცვები ვირუსს არ შველის, თუმცა სულზე ზრუნვა ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – წერს გიორგი ჩალაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.