ოკუპანტების მიერ გატაცებული და დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. გაფრინდაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის საქართველოში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას მასთან ერთად დაკავებული და უკვე გათავისუფლებული პირები ავრცელებენ. მანამდე კი ლაშა ბერულავამ 14 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას ოკუპანტებს ექიმმა განუცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ როკის გვირაბთან და ფსოუზე იცის.
ექიმი დავით ღვინიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ პირებს შეხვდა, ჰყვება, რომ მათმა თხოვნამ ვერ გაჭრა და ვაჟა გაფრინდაშვილმა პოზიცია არ შეიცვალა.
გათავისუფლებულებმა მას უთხრეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს “საზღვრის გადაკვეთა”. თუმცა ის უარს აცხადებს.
“ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ,”- ჰყვება ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაზიანებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.