სარა ჯესიკა პარკერი მედიისგან საკუთარ ქორწინებას საპასუხო შეტევით იცავს

მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ხუთშაბათს ინსტაგრამზე უპასუხა გამოცემა National Enquirer-ს, რომელიც მისი და მისი მეუღლის, მეთიუ ბროდერიკის ჩხუბის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს. მსახიობმა გამოცემის მიერ ელექტრონული ფოსტით მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, შემდეგ კი იქვე პასუხიც. გამოცემამ მსახიობს გაუგზავნა წერილი თხოვნით, კომენტარი გააკეთოს ინციდენტზე, რომელიც თითქოსდა ლონდონში მოხდა, სადაც სარა ჯესიკა პარკერი და მისი ქმარი საჯარო ადგილზე ჩხუბისას შენიშნეს. გამოცემა მსახიობს წერს, რომ მოწმეებმა ნახეს, როგორ ჩხუბობდნენ ისინი ზუსტად მათი ქორწინების 22 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. მოწმის მტკიცებით, მათ ჩხუბი სადილზე დაიწყეს და შემდეგ ქუჩაში გააგრძელეს. როგორც გამოცემა წერს, წყაროს ცნობით სარა ქმარს იმის გამო ეჩხუბებოდა, რომ ის ლონდონში მეტისმეტად დიდ დროს ატარებს.
მსახიობმა გამოცემას ინსტაგრამზე უპასუხა:
“ისევ იგივე. ათ წელზე მეტია იგივე ტყუილი და უსამართლო, სამარცხვინო სისულელე. როგორც წესი, ჩვენი ქორწინების წლისთავის – 19 მაისის წინ. National Enquirer ძალღონეს არ იშურებს რომ მოახდინოს ფაბრიკაცია და გააუფერულოს ჩემს ქმართან ერთად ლონდონში გატარებული ოთხი საოცარი დღე. არ ყოფილა არანაირი ჩხუბი, არც რესტორანში და არც ქუჩაში. არ ყოფილა არანაირი კონფრონტაცია, თითქოსდა იმის გამო, რომ ის ლონდნში დიდ დროს ატარებს. მე და ჩემი შვილები ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ის ლონდონში აკეთებს.“ – წერს სარა ჯესიკა პარკერი და იმასაც განმარტავს, რატომ გადაწყვიტა საჯაროდ გამოეტანა გამოცემის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტა და საჯაროდვე ეპასუხა მათთვის:
“ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ ხალხის ტიპიური “გამოძიება“ გამომექვეყნებინა. თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს მათთვის ჩემს, ან ჩემი პუბლიცისტის პასუხს ან ჩემგან ნათქვამ სიმართლეს, როცა ამის გამოქვეყნებით მემუქრებიან. ჰეი,National Enquirer–ო, და დობილო გამოცემებო, რატომ არ უნდა ვიზეიმო ქორწინების 22 და ურთიერთობების 27 წელი? თქვენი დაუსრულებელი შევიწროების და ტყუილად დახარჯული მელნის მიუხედავად, ჩვენ სიყვარულის, ერთგულების, პატივისცემის, ოჯახის და ერთობლივი სახლის სამ ათწლეულს ვუახლოვდებით. აი, ეს არის ინფორმაცია “სანდო წყარდან.“– წერს სარა ჯესიკა პარკერი.