ბრაზილიის გოასის შტატის სასამართლომ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა ორ მამაკაცს ერდროულად დააკისრა. საქმე იმაშია, რომ ისინი იდენტური ტყუპები არიან და დნმ ტესტმა მამობის დასადგენად მკაფიო შედეგი ვერ დადო.
მოპასუხეებმა უარი თქვეს ნებაყოფლობით ეთქვათ, თუ რომელი მათგანი იყო რეალურად პატარა გოგონას მამა. ამ გზით ისინი ცდილობდნენ ალიმენტის გადახდისთვის თავი აერიდებინათ.
ტყუპები, რომელთა გვარი არ ხმაურდება და რომლებიც სასამართლო საქმეში მოხსენიებულნი არიან როგორც ფერნანდო და ფაბრისიო, ქალებთან პაემანზე რიგრიგობით დადიოდნენ და თავს ერთმანეთად ასაღებდნენ. ამიტომაც გოგონას დედამ არ იცის, რომელი მათგანისგან დაორსულდა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ სიმართლის დამალვით მოპასუხეებმა პატარა გოგონას წაართვეს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. ამიტომაც მოსამართლემ დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ორივე მამაკაცი მიუთითა.
ორივე მამაკაცი ბავშვის შესანახად ალიმენტს გადაიხდის ყოველთვიურად 230 რეალის ოდენობით(დაახლოებით 60 დოლარი). ეს თანხა ბრაზილიაში მინიმალური ხელფასის 30%–ს შეადგენს. ამგვარად გოგონა ორმაგ ალიმენტს მიიღებს.
“ერთ–ერთი მოპასუხე ცდილობდა განზრახ შეეყვანა სასამართლო შეცდომაში და დაემალა მისი მამობის ფაქტი. კანონის მიხედვით ასეთი ამაზრზენი მოქმედება უნდა დაისაჯოს“– ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლის აზრით, მამაკაცებმა ბოროტად ისარგებლეს ერთმანეთთან მსგავსებით და ქალებს ატყუებდნენ – პაემნებზე ერთმანეთის ნაცვლად დადიოდნენ, რათა ორივეს ქონოდა შესაძლებლობა ერთდროულად რაც შეიძლება ბევრი პარტნიორი ყოლოდა. როცა ქალები ღალატში გამოიჭერდნენ და განრისხდებოდნენ, ტყუპები აქაც მსგავსებას იყენებდნენ, ხელს მეორე ტყუპისკენ იშვერდნენ და ამტკცებდნენ, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და სინამდვლეში ეს საქციელი ძმამ ჩაიდინა.