სასტიკი შეტაკებები პარიზში. ყვითელჟილეტიანების პროტესტი განახლდა

ყვითელი ჟილეტების აქცია პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სასტიკ შეტაკებებში გადაიზარდა. ტრიუმფალურ თაღთან მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების“ რიგით 18–ე აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. თუმცა აქციის დაწყებიდან მალევე დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ნაგავი დაუშინეს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

დემონსტრანტებმა დაარბიეს და შუშები ჩაუმსხვრიეს ქალაქის ცენტში მდებარე რამდენიმე რესტორანს და ბუტიკს. მათ შორის დაზარლდა Lacoste–ს და Kenzo–ს მაღაზიები. პროტესტანტებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანეკენები ქუჩაში გამოყარეს, იქვე მდებარე საგაზეთო კიოსკი კი დაწვეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა პროტესტანტების და მათი ქმედებები დაგმო,ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა და პარიზში ქაოსის დანერგვა უნდა. მინისტრმა პოლიციისგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა დემონსტრანტების მხრიდან “მიუღებელ ქმედებებზე.“


ფრანგული მედიის ინფორმაციით შეტაკებების დროს 20 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლის წინ “ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში აქცია ასე დააანონსეს: “აქტი 18 –ულტიმატუმი– მთელი საფრანგეთი პარიზში“ “ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს საფრანგეთის პრეზიდენტს და მთავრობას. გვინდა ჩვენი მოთხოვნები შესრულდეს. ჩვენი გამოსვლები ნომბრის შუა რიცხვებში დავიწყეთ და დღემდე ჩვენი ხმა არავინ შეისმინა. ერთადერთი პასუხი პოლიციის ძალადობა იყო“ – ნათქვამია აქციის ორგაიზატორთა საპროტესტო კომუნიკეში.
ყვითელ ჟილეტიანთა პროტესტი ნოემბრიდან გრძელდება. პროტესტი საწვავზე გადასახადების ზრდის შეჩერების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. პროტესტანტების მთავარი პრეტენზია ის არის, რომ პოლიტიკური ელიტა უბრალო ხალხის პრობლემებს დაშორდა.

დეკემბერში ემანუელ მაკრონი გარკვეულ ეკონომიკურ დათმობებზე წავიდა. საახალწლო მიმართვაში კი ტონი შეცვალა და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებს განაგრძობს, თუმცა არანაირი დანდობა არ იქნება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისას.
ყვითელჟილეტიანების აქციების დაწყების მომენტიდან დაზარალდა დაახლოებით 1000 პოლიციელი. მიტინგები პარიზში უკვე არაერთხელ გასცდა მშვიდობიან ფარგლებს და ვანდალიზმში და რბევაში გადაიზარდა.
აქციების დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიჭრა. არეულობებს უკავშირდება მინიმუმ 10 ადამიანის დაღუპვა. საფრანგეთის პროლიცია აქციების დასარბევად არალეტალურ იარაღს იყენებს პლასტმასის და რეზინის ტყვიებით:ინსტრუქციის თანახმად ასეთმა ტყვიებმა კანის მთლიანობის დარღვევა და ჭრილობა არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა პრაქტიკაში ამ ტყვიებით ათეულობით ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო.
1 თებერვალს საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას მომავალშიც შეუძლია ტრავმატული იარაღის გამოყენება, რადგან არეულობების საფრთხე კვლავ არსებობს.