საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის სამი მაღალჩინოსანი წევრი, მათ შორის მეფე სალმანის ძმა დააპატიმრეს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემები – New York Times და Wall Street Journal წერენ.
დაპატიმრებულებიდან ორი სამეფოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შედის. ესენი არიან მეფის ძმა, ახმედ იბნ აბდულ აზიზი და ყოფილი მემკვიდრეობითი პრინცი მუხამედ იბნ ნაიფი. ორივე მათგანი სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
New York Times წერს, რომ მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პრიპნცი – ნავაფ იბნ ნაიფი.
ამერიკული გამოცემები ამტკიცებენ, რომ დაკავებები პარასკევს დილით მოხდა. ნიღბიანი სპეცრაზმელებმა სამეფო ოჯახის წევრებს სახლში მიაკითხეს და დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს. Wall Street Journal–ის ცნობით მიზეზი სახელმწიფო ღალატის საქმეა.
ოფიციალური ინფორმაცია დაკავებებისა და მიზეზების შესახებ არ არსებობს. თუმცა ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ დაკავებების უკან შესაძლოა ამჟამინდელი მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ იბნ სალმანი იდგეს, რომელიც საუდის არაბეთის ფაქტიურ მმართველად ითვლება. ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.
2017 წელს მისი ბრძანებით დააკავეს ათობით მინისტრი, ბიზნესმენი და სამეფო ოჯახის წევრები, რომლებსაც კორუფციაში დასდეს ბრალი. გარკველი დროის მანძილზე ისინი ფაქტობრივ პატიმრობაში ყავდათ სასტუმრო Ritz Carlton–ში ჰყავდათ გამოკეტილი, შემდეგ კი გაათავისუფლეს. არაოფიციალური ინფორმაციით ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ თანხმობა განაცხადეს სახელმწიფოსთვის ათეულობით მილიარდი დოლარი დაებრუნებინათ.