შეიარაღებული ბოროტმოქმედების ჯგუფი თავს დაესხა დაჯავშნულ ავტომობილს ჩილეს დედაქალაქის, სანტიაგოს აეროპორტში და 15 მილიონი დოლარი გაიტაცა. ჟურნალისტებმა ფაქტს უკვე უწოდეს “საუკუნის ძარცვა“, რადგან ქვეყნის ისტორიაში ის ერთ–ერთი ყვალაზე “მსხვილი“ ძარცვაა გატაცებული თანხის ოდენობის მხრივ.
ჩილეს პოლიციის ცნობით “შვიდიდან ათამდე “ ეჭვმიტანილმა ტერმინალში ორი ავტომობილით შეაღწია, შემდეგ კი თავს დაესხა დაჯავშნულ მანქანას, რომელშიც ერთ–ერთი თვითმფრინავით ქვეყანაში ჩამოტანილი უცხოური ვალუტა იყო ჩატვირთული. სააგენტოების ინფორმაციით მძარცველები პროდუქტების მომარაგების კომპანიის მანქანას იყენებდნენ. პოლიციის ინფორმაციით ისინი მცველებს იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი ფულთან ერთად გაუჩინარდნენ. მათ 14 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო გაიტაცეს. ინციდენტის შედეგად ორი მცველი დაიჭრა.
Guardian–ის წერს, რომ ჩილეს პოლიციის აზრით თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, რომ თვითმფრინავით ქვეყანაში ფულის ჩამოტანა იგეგმებოდა.
ბოლო წლების მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სანტიაგოს აეროპორტიდან დიდი თანხა გაიტაცეს. 2014 წელს შეიარაღებული ყაჩაღების ჯგუფმა აეროპორტში ფურგონიდან დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გაიტაცა. ამის შემდეგ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოხსნეს.
ფრანს პრესის ინფორმაციით 2017 წელს მძარცველების კიდევ ერთმა ბანდამ 19 მილიონი დოლარი გაიტაცა სანტიაგოს გარეუბანში მდებარე სატრანსპორტო კომპანიის ოფისიდან.