საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ — ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. მისი თქმით, მთავრობაში ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ კარანტინის გამოცხადება საზოგადოების ადეკვატურ ქცევასა და ეპიდვითარების გართულებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ჯერ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის.

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემთხვევების და მითუმეტეს, გართულებული შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ და შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია დაძლიოს და აწიოს”, — განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარებოა 21 მარტს 21 აპრილამდე გამოცხადდა. კარანტინშია მოქცეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 81-მდე გაიზარდა. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247 .