აუდიტის სამსახურის ინფორმაციით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გაუფუჭდა. აუდიტის დასკვნით გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი. აუდიტის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს ეხება. ჯერჯერობით არ ჩატარებულა შემდგომი პერიოდის აუდიტი.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია გილეადის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. მოქალაქეს შეუძლია პრევენცია, დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ეს პროგრამა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ–ერთ წარმატებულ პროექტად ითვლებოდა, თუმცა დღეს ოპოზიცია უკვე საზოგადოების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე საუბრობს. ნახევარი მილიარდის ღირებულების წამლის გაფუჭება ევროპული საქართველოს აზრით ცუდი მენეჯმენტი და არასწორი ფინანსური გათვლებია.
„1 წელია მიმდინარეობს პროგრამა და ის ჯერჯერობით ნახევრამდეც არ არის მისული სწორედ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩააგდო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისთვის პროგრამა. 2020 წლის ბოლოსთვის C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრა ქვეყანაში როგორც ეს დაგეგმილი იყო და ამერიკულ მხარესთან იყო შეთანხმებული, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წამლების გაფუჭების მიზეზი პაციენტების მიმართვიანობის ნაკლებობა იყო, მისივე თქმით, პაციენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ შეეძლოთ პროგრამაში უფასოდ ჩართულიყვნენ.
„ჩავატარეთ დაახლოებით მილიონ ასი ათასი ტესტი წელს და იქიდან უნიკალური ადამიანი, ვინც პირველად გამოიკვლიეს, იყო დაახლოებით 530 ათასი, ანუ ერთ წელიწადში 530 ათასი უნიკალური ადამიანი გამოვიკვლიეთ, ამავე დროს საქართველოში ასევე დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა, იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს მარაგში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.