სენაკის მერიამ ათასობით ლიტრი საწვავი გასცა მანქანებზე, რომლებსაც მერია არ ფლობდა

სენაკის მერიამ ბოლო 3 წელში საწვავზე სამჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე განათლების პროგრამებზე. კვლევას სენაკის მერიის ხარჯების შესახებ ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. მათი ინფორმაცია აჩენს ეჭვს, რომ მერია საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდა. 2016-2019 წლებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტიდან 376,440 ლარი დახარჯა 214,745 ლიტრი საწვავის შესაძენად. 243,697 ლარის 142,448 ლიტრი საწვავი იმ ავტომობილებზე გაიცა, რომლებიც მერიის საკუთრებაში არ იყო.

2018-2019 წლებში სენაკის მერიის საკუთრებაში 3 ატომობილი იყო, 2016-2017 წლებში კი 4 ავტომობილი. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი „აგაი“ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული სისტემის მეშვეობით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, რაც ხელს უწყობს არამიზნობრივი ხარჯვების შემცირებას, როგორიც არის საწვავის ჩასხმა არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის და სხვა. თუმცა სენაკის მერია მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ ავტომობილებს არ უზრუნველყოფდა საწვავით.

2018-2019 წლებში სენაკის მერიამ საერთო ჯამში 166,540 ლარის ღირებულების, 76,745 ლიტრი საწვავი დახარჯა. მათგან ნახევარზე მეტი 91,197 ლარის ღირებულების 41,948 ლიტრი საწვავი სხვა ავტომობილებეზე დაიხარჯა, რომლებიც მერიის საკუთრებაში არ ირიცხება. მსგავსი პრაქტიკა არსებობდა 2016-2017 წლებში. სენაკის მერიას 4 ავტომანქანა ემსახურებოდა. ნაცვლად 4 ავტომობილისა 2016 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 49 ავტომანქანაზე, ხოლო 2017 წელს – 47 ავტომანქანაზე. აუდიტის დასკვნის თანახმად 2016-2017 წლებში საჯარო მოსამსახურეებმა 9,600 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც სავარაუდოდ არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მათ შორის 150 ლიტრზე მეტი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს.

ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საწვავს ასხამდნენ დროის მოკლე პერიოდში, მაგალითად 2016 წელს 1 საათის განმავლობაში 8-ჯერ იქნა ჩასხმული საწვავი, ჯამში 207 ლიტრის მოცულობით, 2017 წელს კი 4 საათის განმავლობაში 7 ჯერ ჩაასხეს საწვავი, ჯამში 130 ლიტრის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ სენაკის მერია კვლავ განაგრძობს საწვავის მიწოდებას ავტომობილებისათვის, რომელიც მერიის საკუთრებაში არ არის ბოლო ორი წლის განმავლობაში მერიამ ნაკლები საწვავი მოიხმარა ვიდრე 2016-2017 წლებში. 

2016-2019 წლებში საწვავში დახარჯულ თანხებთან შედარებით ნაკლები დაიხარჯა:
– კულტურული ღონისძიებების პროგრამა – 104,600 (3.5 ჯერ ნაკლები)
– ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა – 41,100 (9.1 ჯერ ნაკლები)
– განათლების ღონისძიებების პროგრამა – 125,300( 3 ჯერ ნაკლები)