აშშ–ს რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგიდან რესპუბლიკელ სენატორს, რიჩარდ ბერს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლისკენ მოუწოდეს. მას ბრალს სდებენ აქციებით ვაჭრობაში და კორონავირუსის პანდემიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვაში.
როგორც გამოცემა ProPublica–მ გაარკვია, ბერმა, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, წელს 13 თებერვალს მისი და მისი ცოლის კუთვნილი აქციების გაყიდვა დაიწყო, რომელთა ღირებულება დაახლოებით 700 000–დან 1 700 000 დოლარამდეა შეფასებული. ფასიანი ქაღალდები 33 სხვადასხვა გარიგებით გაიყიდა.
კონგრესის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ფედერალური თანამდებობის პირს ინსაიდერული ვაჭრობა ეკრძალებათ. ეს აკრძალვა დადგენილია კანონით: “კონგრესის ცოდნაზე დაფუძნებული ვაჭრობის“ შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს, 2012 წელს მიიღეს. მაშინ ბერი ერთ–ერთი იყო სამ სენატორს შორის, ვინც კანონს ხმა არ მისცა.
სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელობა რიჩარდ ბერს შესაძლებლობას აძლევდა აშშ–ს სპეცსამსახურებისგან სრულიად საიდუმლო ინფორმაცია მიეღო. როგორც სააგენტო როიტერი ამტკიცებს, ამ წლის თებერვალში ამერიკის დაზვერვის სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ სენატორებს ანგარიშებს ვირუსის საფრთხის და გავრცელების სისწრაფის შესახებ.
თებერვლის შუა პერიოდიდან ამერიკის საფონდო ბაზარი ისტორიული მაქსიმუმების სიახლოვეს იყო. მარტში კი, მას შემდეგ, რაც ბერმა ყველა აქცია გაყიდა, ბირჟებმა კატასროფული ვარდნა განიცადეს , რამაც ბოლო წლებში მიღებული მთელი მოგების ლიკვიდაცია გამოიწვია.
მიმდინარე კვირას ამერიკის საზოგადოებრივმა რადიომ, NPR–მ თავის ინტერნეტ გვერდზე გამოაქვეყნა ბერის და რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსანი მხარდამჭერების შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც 27 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში შედგა. სწორედ ამ შტატს წარმოადგენს სენატორი. ბერი ამბობს, რომ რადიომ მისი გამოსვლა “შეგებულად და უპასუხისმგებლოდ დაამახინჯა.“
მანამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ახალი პანდემიის გამო შეშფოთება გაზვიადებულია და ახლო მომავალში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კლებას დაიწყებდა.
“ეს ყველაფერი გაქრება. ერთხელაც მოხდება სასწაული, და ეს ყველაფერი გაქრება“ – თქვა თეთრი სახის მეთაურმა და პირობა დადო, რომ ახალი ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ–ში ნოლს არ ასცილდებოდა.
მეორე დღეს, საკუთარ მხარდამჭერებათან შეხვედრისას კი ბერი ასეთ ოპტიმისტურ სურათს არ ხატავდა:
“ერთი რამ მინდა გითხრათ დღევანდელ პრობლემაზე – ეს ვირუსი ბევრად უფრო აგრესიულია და ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე ოდესმე აქამდე ისტორიის მანძილზე გსმენიათ. შესაძლოა სიტუაცია უფრო უარესი იყოს, ვიდრე ეს 1918 წელს (ესპანური პანდემიის დროს) იყო.“– თქვა სენატორმა.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 თებერვალს სენატორმა ბერმა გავლენიან სენატორთან, ლამარ ალექსანდრთან ერთად ტელეკომპანია fox–ის საიტზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე უკეთ არის მომზადებული ნებისმიერ ეპიდემიასთან საბრძოლველად.