“სექსი დიდ ქალაქში “ გრძელდება

პოპულარული პროექტი “სექსი დიდ ქალაქში“ ბოლოს და ბოლოს ნამდვილად გაგრძელდება პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ სერიალის გმირების ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გვიამბობს. დასავლური მედიის ინფორმაციით სტუდიებმა: Paramount Television და Anonymous Conten უკვე იყიდეს ქენდის ბუშნელის წიგნის – “არის თუ არა კიდევ სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანიზაციის უფლება. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი წიგნი დაედო საფუძვლად თავიდანვე სერიალის სცენარს.
ახალი წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს გამოვა  ნიუ იორკელი 50 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანების რომანტიული ურთიერთობების, მეგორობის, სექსის ნიუანსებს და სირთულეებს დაეთმობა.
საპილოტე გამოშვების სცენარზე თავად წიგნის ავტორი იმუშავებს.
“ოდესღაც ითვლებოდა, რომ ორმოცდაათი წლის ადამიანი პენსიაზე უნდა გასულიყო, პრაქტიკულად არ უნდა ემუშავა, რამე ჰობით გაერთო თავი, დრო მშვიდად გაეტარებინა და ზომიერი ცხოვრებით ეცხოვრა. მოკლედ, პენსიონერებს არაფერი უნდა ეკეთებინათ – უნდა ევლოთ მძიმედ და დალოდებოდნენ წლების კიდევ უფრო მატებას. ისინი ფიზიკურ დატვირთვას ან რამე საქმიან წამოწყებას ერიდებოდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ სპონტანურ ნაბიჯებზე, შემთხვევით სექსზე და ა.შ. თუმცა ახლა 50 წლის ქალები სხვაგვარად ცხოვრობენ და მოხარული ვარ ავსახო მათი ამჟამინდელი მდიდარი, დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრება“.– ამბობს მწერალი.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა პროექტი ეკრანებზე.