“შენელებული მოქმედების ნაღმი“– ჩინეთში შობადობა კატასტროფულად დაეცა

ჩინეთში შობადობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ასეთი დაბალი შობადობა 70 წლის წინ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გაუქმებულია წესი, რომელიც ერთ ოჯახს ერთზე მეტი შვილის ყოლას უკრძალავდა.2019 წელს ქვეყანაში 14, 65 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 580 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. სტატისტიკის ნაციონალური სააგენტოს თქმით, ეს 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შობადობა ჩინეთში უკვე ბევრი წელია თანდათანობით ეცემა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩინეთში ბევრად გაიზარდა, ამიტომაც მოსახლეობის რაოდენობამ 2019 წელს 1.4 მილიარდი ადამიანი შეადგინა, წინა წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 1.39 მილიარდი იყო.

ექსპერტები სიტუაციას შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ ქვეყნის დემოგრაფიისთვის, როცა დასაქმებულ უმრავლესობას მოუწევს შეინახოს უმუშევარი უმრავლესობა.

შობადობით ჩინეთი ჩამორჩება აშშ, სადაც 1000 ადამიანზე თორმეტი ახალდაბადებული მოდის, თუმცა წინ უსწრებს იაპონიას, სადაც 1000 მოქალაქეზე 8 ახალდაბადებული ბავშვია. ჩინეთში ეს მაჩვენებელი ათას მოქალაქეზე 1.48 ახალშობილია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით შობადობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში 2017 წელს 18.65 ბავშვი შეადგინა 1000 ადამიანზე.

1979 წელს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებამ შემოიღო პოლიტიკა სახელწოდებით: “ერთი ოჯახი–ერთი ბავშვი“. ამ კანონის დარღვევა დიდ ჯარიმებს, სამსახურიდან გათავისუფლებას და ზოგჯერ იძულებით აბორტსაც იწვევდა.

გამონაკლისი იყო დაშვებული სოფლის მაცხოვრებლებისთვის, თუ მათი პირველი შვილი გოგო იყო. ეთნიკური უმცირესობებისთვის, 2013 წლიდან კი წყვილებისთვის, რომელშიც ერთი მშობელი მაინც ოჯახში ერთადერთი შვილი იყო.

სწორედ ამ პოლიტიამ გამოიწვია ჩინეთში გენდერული დისბალანსი. შედეგად 2019 წელს ჩინეთში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას 30 მილიონით აღემატება.

“ერთი შვილის პოლიტიკა“ ჩინეთში 2015 წელს დასრულდა, როცა ხელისუფლებამ ოჯახებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა, თუმცა ამ რეფორმამ შობადობის შემცირება ვერ შეაჩერა.