იტალიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ადამიანების დემონიზება – განაცხადა პარასკევს ხომალდის ბორტზე მიგრანტების მოსანახულებლად მისულმა გირმა. იტალიის ხელისუფლება გემს იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლებას არ აძლევს. ბორტზე 160 ადამიანი იმყოფება.
მსახიობმა პარალელი გაავლო იტალიასა და აშშ–ში არსებულ სიტუაციებს შორის.
“ჩვენ გვაქს პრობლემები ჰონდურასიდან, სალვადორიდან, ნიკარაგუადან, მექსიკიდან წამოსულ დევნილებთან. ეს ძალიან გავს იმას, რაც ხდება თქვენთან – განაცხადა მსახიობმა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე – ეს უნდა შეწყდეს ყველგან ამ პლანეტაზე. და ეს შეწყდება, თუ ჩვენ ვიტყვით – სტოპ!“
რიჩარდ გირმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი აშშ–ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეადარა, რომელსაც აქტიურად აკრიტიკებენ მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.
სალვინიმ გირის გამონათქვამებს სწრაფად უპასუხა.
“მადლობლები ვართ გულუხვი მილიონერის მიგრანტებზე ზრუნვისთვის. შეუძლია ისინი ჰოლივუდში წაიყვანოს თავისი კერძო თვითმფრინავით და თავის ვილებში განათავსოს. გმადლობ, რიჩარდ!“– თქვა იტალიის ვიცე პრემიერმა.
სალვინი ცდილობს პოლიტიკის გამკაცრებას მიაღწიოს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც არაკომერციულ ორგანიზაციებს ეკუთვნის და იტალიის სანაპიროებთან ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები მიჰყავს.
შაბათს ხომალდმა Open Arms , რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაცია Proactiva–ს ეკუთვნის ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ზღვიდან კიდევ 39 მიგრანტი ამოიყვანა. ევროპული ქვეყნები უარს ამბობენ მიიღონ გემი, რომლის ბორტზე 160 აფრიკიდან დევნილია. დევნილები ევროპამდე მიღწევას ცდილობენ.