შევედეთის მეფემ შვილიშვილებს ტიტული და სამეფო ტახტის პრეტენდენტობის უფლება ჩამოართვა

შვედეთის 73 წლის მეფემ, კარლ XVI გუსტავმა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადა. ახალი წესები უშუალოდ სამეფო ოჯახის წევრებს და მათ მოვალეობებს ეხება.

მეფის შვილების – პრინც კარლ ფილიპის და უმცროსი ქალიშვილის, პრინცესა მადლენის შვილები ამიერიდან შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები აღარ არიან. მათ ასევე ჩამოერთვათ ტიტული – მისი უდიდებულესობა და აღარ აქვთ უფლება შვედეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტები იყვნენ.

შვედეთის სამეფო სახლის ვებგვერდიდან პრინც კარლ ფილიპისა და პრინცესა მადლენის ტიტულჩამორთმეული შვილების ბიოგრაფიებიც წაშალეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კარლ ფილიპის და პრინცესა მადლენის შვილები – სამი წლის პრინცი ალექსანდრი, ორი წლის პრინცი გაბრიელი, ხუთი წლის პრინცესა ლეონორა, ოთხი წლის პრინცი ნიკოლა და ერთი წლის პრინცესა ადრიენა პრინცების, პრინცესების და ჰერცოგების ტიტულებს შეინარჩუნებენ, რომლებიც მეფემ ადრე მიანიჭა, თუმცა არავითარი სამეფო მოვალეობები არ დაეკისრებათ.

პრინცი კარლ ფილიპი და პრინცესა მადლენი

შვედეთის მეფე, კარლ XVI გუსტავი, მისი მეუღლე დედოფალი სილვია, მათი უფროსი ქალიშვილი პრინცესა ვიქტორია და მისი ქმარი, პრინცი დენიელი “სამეფო უდიდებულესობის“ სტატუსს შეინარჩუნებენ და შვედეთის მთავარი წარმომადგენლობითი პერსონები იქნებიან. სამეფო ტიტულები და სტატუსი მეფეს არც ვიქტორიას და დენიელის შვილებისთვის ჩამოურთმევია.


პრინცესა ვიქტორია ქმართან და შვილებთან ერთად

მეფის ვაჟი, პრინცი კარლ ფილიპი, მისი ცოლი პრინცესა სოფია, ასევე პრინცესა მადლენი საქველმოქმედო საქმიანობას და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, ვისთანაც აქამდე თანამშრომლობდნენ. მათ ოფიციალური მოვალეობების შესრულებაც მოუწევთ, თუ ამას მეფე მოითხოვს.

შვედეთის მეფეს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს.

აღსანიშნავია, რომ მეფის უმცროსი ქალიშვილი, მადლენი ოჯახთან ერთად ამჟამად მაიამიში ცხოვრობს.