თეირანში ამირ კაბირის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის წინ შაბათს რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომას ითხოვდა.
“მთავარ სარდალო წადი!“– სკანდირებდნენ ირანელი სამხედროების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებით აღშფოთებული დემონსტრანტები. შაბათს ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ მისმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს ბოინგი, რომელშიც 176 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყო 83 ირანელი და ათეულობით ირანული წარმოშობის კანადელი.
ირანულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროტესტის ვიდეო, სადაც ჩანს უნივერსიტეტთან შეკრებილი ხალხი, რომლებიც ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდდირებენ.
ერთ–ერთ ვიდეოზე ისმის, როგორ სკანდირებს ხალხის მასა, რომ გადადგომა არ არის საკმარისი და საჭიროა სასამართლო.
ვრცელდება ინფორმაცია შარიფის სახელობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ. ეს უნივერსიტეტი ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებაა.
ზოგიერთი ინფორმაციით ავიაკატასტროფისას დაღუპული მინიმუმ ათი ადამიანი სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
ცნობები თეირანის ორ უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოებში: – IRNA და ISNA–ში გამოქვეყნდა.
სამთავრობო სააგენტო IRNA იუწყება, რომ აიათოლა ჰამენეიმ ბრძანება გასცა გამოიძიონ შესაძლო დაუდევრობა, რომელიც შეიძლებოდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი გამხდარიყო. ჰამენეიმ განაცხადა, რომ არსებობს შეცდომის მტკიცებულებები და გამოვიდა მოწოდებით, მიიღონ ზომები რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
ირანის პარლამენტმა განაცხადა, რომ კვირას ავიაკატასტროფის გარემოებებს ღია სხდომაზე განიხილავს.
ირანის პრეზიდენტმა როუჰანმა თქვა, რომ ირანი დამწუხრებულია მომხდარის გამო და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.დიდ ბრიტანეთში ირანის ელჩმა ბოდიში მოიხადა მისი წინა მცდარი განცხადებების გამო. ის ამტკიცებდა, რომ ირანს თვითმფრინავისთვის რაკეტები არ უსვრია.
მრისხანება, შოკი, მომხდარის დაუჯერებლობა. ამ სიტყვებს იყენებენ ირანელები თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით საკუთარი გრძნობების გამოსახატად.
კატასტროფაში საკუთარი ბრალის სამდღიანი უარყოფის შემდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეთაური გამოვიდა განმარტებებით, რომელმაც ვერავინ ვერაფერში დაარწმუნა.
შაბათს საღამოს ირანში ხალხი დაღუპულებს იგონებდა, თეირანის ცენტრში იკრიბებოდა და სკანდირებდა: “სიკვდილი დიქტატორს!“
ისინი არმიის მთავარსარდლის, ანუ ირანის უმაღლესი ლიდერის, ჰამენეის გადადგომას ითხოვენ.
ბევრი ამბობს, რომ რომ არა სხვა ქვეყნების მთავრობების მხრიდან ზეწოლა, ირანი არასოდეს აღიარებდა შეცდომას.უპასუხოდ რჩება მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არ დაიკეტა ირანის საჰაერო სივრცე სარაკეტო შეტევის დროს, რომელიც თეირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ განახორციელა.