შოთაძის დაბრუნება „ქართული ოცნების“ საკადრო შიმშილს ნიშნავს-ანა დოლიძე

“ეს არის კიდევ ერთი აღმნიშვნელი რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს”,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც ვნახეთ ჩვენ აქამდე საპროკურორო საბჭოს გასაუბრებები, ეს იყო ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი.

არავითარი სერიოზული დებატი, დისკუსია, სიღრმისეული კითხვები ხედვაზე, რეფორმებზე, რომელიც არ გვქონია. ხალხნო, ჩვენ გვაქვს პროკურატურა, სადაც 8 წლის განმავლობაში სკამი არ გადადგმულა. ხალხი გადადგმულა სკამებიდან, მთავარი პროკურირები თანამდებობიდან თანამდებობაზე, მაგრამ სკამი არ გადადგმულა. ეს არის პროკურატურა, რომელიც არ ექვემდებარება და არ დაქვემდებარებულა პროგრესს. აქ იგულისხმება ასევე ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ დღემდე.

ამიტომ, თუ გამოვრიცხავთ ოპოზიციურ დეპუტატს კახიძეს, რომელიც იქ არის, არ ველი, რომ რაიმე დისკუსია და სერიოზული მსჯელობა იქნება საპროკურორო საბჭოში. როგორც ყველაფერი ვითომ არის – ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე, ესეც არის ვითომ კონკურსი. რაც შეეხება შოთაძის შესაძლო დაბრუნებას, თუ ეს მოხდება, ეს არის კიდევ ერთი აღმნიშვნელი რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს. სულ 5-6 ადამიანი ჰყავთ, რომელსაც დაარბენინებენ თანამდებობიდან თანამდებობაზე. თადუმაძე გადაიყვანეს მდივნობიდან პროკურორობამდე, პროკურორობიდან უზენაესში. ასევე დააბრუნეს ღარიბაშვილი. ეს არის გაგრძელება იმისა, რომ პოლიტიკური ძალა დასრულებულია. მას არავითარი პოტენციალი წინსვლის, რეფორმისა და პროგრესის არა აქვს“,- განაცხადა დოლიძემ.