შინაგან საქმეთა სამინისტრო „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კომენტარს აკეთებს.
უწყების ცნობით, მოზარდის გამოკითხვა ორჯერ მოხდა და ორივე შემთხვევაში მშობლის თანდასწრებით.
„პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.
მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.
მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო”- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. საიამ სავარაუდო მიზეზად, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა დაასახელა.