შსს-მ ნატოში მეკავშირე ოფიცრად ნიკოლოზ ქავთარაძე მიავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოს  შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს,  ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა.