პარლამენტის წევრობა ბევრ ქვეყანაში სოლიდურ ხელფასს ნიშნავს, თუმცა არა შვედეთში. ამ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა მკაცრ ეკონომიას გულისხმობს, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვან ხალხის რჩეულებმა.
მაღალი ხელფასებისა და მრავალფეროვანი პრივილეგიების ნაცვლად დეპუტატები მკაცრი ჩარჩოებით არიან შეზღუდული,
როცა საქმე გადასახადის გადამხდელთა ფულს ეხება.
როცა საქმე გადასახადის გადამხდელთა ფულს ეხება.
“ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. არ აქვს აზრი პარლამენტარებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას, რადგან ჩვენი საქმე მოქალაქეების ინტერესების და იმ რეალობის წარმოდგენაა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“– ამბობს შვედეთის პარლამენტის დეპუტატი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან პერ–არნე ჰაკანსონი.“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ამ საქმის კეთება პრივილეგიაა და შესაძლებლობა, გავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარებაზე“ – დასძენს ის.
დეპუტატების ერთადერთი მატერიალური პრივილეგია ის არის, რომ შვედ პარლამენტარებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ. თუმცა, ამავე დროს არცერთ მათგანს პირადი მანქანა და მძღოლი არ ემსახურება.
პარლამენტს სულ სამი Volvo S80 ავტომობილი ყავს და ისინი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ ოფიციალური ღონისძიებების დროს გამოიყენება.
“ჩვენ არ ვანაზღაურებთ ტაქსის მოსახურებას. ჩვენს მანქანებს არ მიყავთ პარლამენტარები სახლში ან სახლიდან სამსახურში“– ამბობს პარლამენტის წარმომადგენელი რენე პოედკე.
პრემიერ მინისტრი პრაქტიკულად ერთადერთი ჩინოვნიკია ქვეყანაში, რომელსაც სამსახურეობრივი მანქანის ყოლის უფლება აქვს.
შვედი პარლამენტარის ხელფასი სხვა ქვეყნების დეპუტატებთან შედარებით ბევრად დაბალია – დაახლოებით 6999 დოლარი, რაც მაგალითად, აშშ–ს კონგრესმენის ხელფასის ზუსტად ნახევარია. საშუალო თვიური ხელფასი შვედეთში 2800 დოლარია.
პარლამენტის იმ წევრებს, ვისი საარჩევნო ოლქებიც სტოკჰოლმის საზღვრებს მიღმა მდებარეობს, უფლება აქვთ იმ დღეებში დანამატი მიიღონ, რომლებსაც დედაქალაქში ატარებენ. თუმცა ეს დანამატი დღეში 12 დოლარია – ამ ფასად სტოკჰოლმში მხოლოდ მოკრძალებულად თუ ისადილებთ.
1957 წლამდე შვედ პარლამენტარებს ხელფასი საერთოდ არ ქონდათ და მხოლოდ საკუთარი პარტიის ფინანსური მხარდაჭერის იმედად იყვნენ.
ხელფასების შემოღება ერთგვარი გარანტია იყო იმისა, რომ არცერთ მოქალაქეს პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრკოლება არ ქონდეს , თუმცა შვედებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელფასი არც ისე მიმზიდველი იყოს.
ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის ჩინოვნიკებს, შვედ პარლამენტარებსაც საცხოვრებელ სუბსიდიას აძლევენ. თუმცა მხოლოდ იმ დეპუტატებს, ვინც სტოკჰოლმში არ ცხოვრობს.
ჩინოვნიკების საცხოვრებელი ძალიან მოკრძალებულია. მაგალითად, პერ–არნე ჰაკანსონი 46 კვ. მ. ფართობის ბინაში ცხოვრობს. ზოგიერთი სახელმწიფო ბინა კი საერთოდაც 16 კვ. მ.–იანი სტუდიოა.გარდა ამისა, ამ ბინებში ვერ ნახავთ სარეცხ მანქანებს და ყველგან მხოლოდ ერთადგილიანი საწოლია.
გადასახადის გადამხდელების ფული მხოლოდ ჩინოვნიკების შენახვაზე იხარჯება – მათმა პარტნიორებმა და ნათესავებმა ფული უნდა გადაიხადონ იმ ბინებში ცხოვრებისთვის, თუნდაც იქ მხოლოდ ერთი ღამით დარჩნენ.თუ დეპუტატს ვინმესთან ერთად ცხოვრება უნდა, მას მოუწევს ბინის იჯარის ნახევრის გადახდა.
“არ ვაპირებთ ვინმეს ხარჯები ავანაზღაუროთ, გარდა დეპუტატისა, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობს“ – განმარტავს პარლამენტის თანამშრომელი ანა ასპეგრენი.
ამასთან, დეპუტატს შეუძლია სხვა ადგილზე იცხოვროს და საცხოვრებელი სუბსიდია არენდისთვის გამოიყენოს. თუმცა თანხა შეზღუდულია თვეში 820 დოლარით, რაც ძალიან ცოტაა სტოკჰოლმის ცენტრალურ რაიონებში ბინის დასაქირავებლად.
1990 –იან წლებამდე ეკონომია კიდევ უფრო მკაცრი იყო: ჩინოვნიკებს ბინებს საერთოდ არ აძლევდნენ და ხშირად მათ 15კვ.მ. ფართის მათივე სამუშაო კაბინეტებში ეძინათ.
გარდა ამისა, პარლამენტარებს ეკრძალებათ პირადი თანაშემწის ან მრჩევლის აყვანა. ამის ნაცვლად პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს ეძლევათ თანხა თანამშრომელთა ჯგუფის დასაქირავებლად, რომლებიც იმ პარტიის ყველა დეპუტატისთვის იმუშავებენ.
აი, ასე გამოიყურება შვედი პარლამენტარის კაბინეტი.
რეგიონალურ პოლიტიკაში კიდევ უფრო მკაცრი ეკონომიის პრინციპებია დამკვიდრებული.
პოლიტიკური წარმომადგენლობა ადგილებზე მხოლოდ სხვა, ძირითადი საქმიანობის დამატებით დატვირთვად ითვლება და მოხალისეობრივ საწყისებზე ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრთა 94% უფასოდ მუშაობს. გამონაკლისია მხოლოდ აღმასრულებელ კომიტეტში მომუშავე პოლიტიკოსები, რომლებიც ხელფასს სრული ან არასრული სამუშაო განაკვეთით იღებენ.
შვედეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 56 000 დოლარია, რაც საქართველოსთან შედარებით 14–ჯერ მეტია.