სილვესტერ სტალონემ “რემბოს“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაასრულა ამის შესახებ მსახიობმა ერთ–ერთ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. “რემბოს“ სერიის მეხუთე ფილმის ქვესათაურია “უკანასკნელი სისხლი“. მსახიობმა მიანიშნა, რომ ის ამ გმირს საბოლოოდ დაემშვიდობა.
“დასრულდა. ეს იყო უკანასკნელი დუბლი. “უკანასკნელი სისხლი“ … ეს მართლაც გასაოცარი მოგზაურობა იყო. პირველად 1980 წელს გავიცანი გმირი, რომელსაც ხელს არავინ კიდებდა. იცით, მე ამ როლზე მეთერთმეტე კანდიდატი ვიყავი. ამ გმირში უზარმაზარი შესაძლებლობა დავინახე. ეს გრძელი გზა იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის“ – წერს მსახიობი.
მეხუთე სერიაში ჯონ რემბო პოსტტრავმატულ სინდრომს ებრძვის. წარსულის დემონების დასაძლევად არიზონაში რანჩოზე მიემგზავრება, სადაც ცდილობს წარსული და ომის პერიოდი არ გაიხსენოს. თუმცა ერთხელაც იგებს, რომ მისი ახლობლის ქალიშვილი უცნაურად გაუჩინარდა. ის გოგონას ძებნას იწყებს და დანაშაულებრივ დაჯგუფებას აღმოაჩენს, რომელიც ქალებით ვაჭრობს. რემბო გადაწყვეტს დამნაშავეებს გაუსწორდეს და მათი მსხვერპლი გადაარჩინოს.
ჯერჯერობით ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია. სცენარი სტალონემ დევიდ მორელთან და მეთიუ სირულნიკთან ერთად დაწერა. ფილმის რეჟისორი ადრიან გრიუნბერგია, თუმცა თავდაპირველად რეჟისორობას თავად სტალონე აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ რემბოს ეპოპეის პირველი ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში 125 მილიონი დოლარი შეაგროვა. მომავალი წლის დასაწყისში სტალონეს მონაწილეობით ეკრანებზე კიდევ ერთი ფილმი გამოვა. ეს არის სპორტული დრამა კრედო 2.