სკანდალი რუსულ საბავშვო “Voice“–ში. ხმის მიცემისას მანიპულაციების გამო ფინალის შედეგები გაუქმდა

რუსეთის პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო პროექტის, „Voice –ბავშვების“ ფინალის შედეგების ანულირების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია Group-IB–მ კონკურსის გამარჯვებულის, რუსი მომღერლის, ალსუს ქალიშვილის, მიკელა აბრამოვას სასარგებლოდ ხმების ხელოვნურად წამატება გამოავლინა.
არხის განცხადების მიხედვით შემოწმების შუალედურმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ხმის მიცემისას გარე ჩარევა განხორციელდა, რამაც შოუს შედეგებზე იმოქმედა.
“ტრაფიკის გაანალიზებამ გამოავლინა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასირებული ავტომატიზირებული გაგზავნის ფაქტი პროექტის ერთ–ერთი მონაწილის კუთვნილ ტელეფონზე“ – ნათქვამია Group-IB–ს განცხადებაში.
კომპანიის გათვლით, ხმების ხელოვნურად წამატებაში სულ 300 სატელეფონო ნომერი მონაწილეობდა. მათგან 8 ათასზე მეტი შეტყობინება გაიგზანა. ყველა ნომერი ერთ ოპერატორს ეკუთვნის და ერთ ტარიფს იყენებს. შემოწმების მომენტისთვის ყველა ნომერი მიუწვდომელი იყო.
შემოწმება გრძელდება და თვის ბოლომდე დასრულდება. შემოწმების ფინალური შედეგების გამოქვეყნებამდე კომპანია არ ასაჯაროებს მონაცემების რეგიონების მიხედვით, სადაც ანომალურად მაღალი ხმის მიცემა დაფიქსირდა.
აპრილში 10 წლის მიკელა აბრამოვამ მაყურებლის ხმის მიცემის შედეგად პროექტის მეექვსე სეზონის ფინალში გაიმარჯვა. მან ხმების 56.5 % მიიღო. შოუს ფინალი რუსული პირველი არხით გადაიცემოდა.
აბრამოვას გამარჯვებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია აღშფოთების ტალღა და ეჭვები სოციალურ ქსელებში, რადგან ფინალში მასზე ბევრად უფრო ძლიერი მომღერლები მონაწილეობდნენ. ტელეკომანიამ მეორე დღესვე გადაწყვიტა ხმის მიცემის შედეგები გადაემოწმებინა, რადგან მათი თქმით შეინიშნებოდა ანომალური ხმის მიცემა და ერთ–ერთი მონაწილის მხარდამჭერი ზარებისა და შეტყობინებების რაოდენობამ მეტისმეტად გადააჭარბა სხვა კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს.
ბავშვის მშობლები, მომღერალი ალსუ და მისი ქმარი, იან აბრამოვი შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ხუთშაბათს პირველმა არხმა განაცხადა, რომ 24 მაისს შოუს სპეციალურ გამოშვებას გააკეთებს.
“არხი იღებს უპრეცედენტო გადაწვეტილებას პროექტის სპეციალური გამოშვება გააკეთოს ყველა ფინალისტის მონაწილეობით 24 მაისს, პირდაპირ ეთერში.“
რუსული შოუ–ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი პირველი არხის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და მას სამართლიანი უწოდა. არხი შეაქეს იმის გამო, რომ მან “მაყურებლის ინტერესები კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.“ ამბობენ იმასაც, რომ არხის მთავარი მიზანი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლიან რომ შედეგების გადახედვა არასწორი იყო, რადგან ზარები და შეტყობინებები ფასიანია და არ არის აკრძალული, ვისაც ფული აქვს ბევრი ზარი და შეტყობინება გაგზავნოს.