აშშ–ში ბრიტანეთის ელჩი, კიმ დეროკი თანამდებობიდან გადადგა წერილების გაჟონვის სკანდალის ფონზე. წერილებში ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა. მანამდე აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასთან მუშაობას აღარ აპირებდა.
“საელჩოდან ოფიციალური დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ ბევრი სპეკულაცია იყო ჩემს თანამდებობასთან დაკავშირებით. მინდა ამ სპეკულაციებს ბოლო მოვუღო. შექმნილ სიტუაციაში მე აღარ შემიძლია ისე გავაგრძელო მუშაობა, როგორც ვისურვებდი“ – განაცხადა დეროკმა.
მან აღნიშნა, რომ მისი უფლებამოსილება წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გადაწყვიტა პოსტი დროზე ადრე დატოვოს რათა მთავრობას ახალი ელჩის დანიშვნის საშუალება მისცეს.
წერილის ტექსტი, რომლითაც დეროკმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საიმონ მაკდონალდს მიმართა ფორინ ოფისმა გაავრცელა.
მაკდონალდმა დეროკის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
“მესმის თქვენი სურვილი, შემციროთ ზეწოლა თქვენს ოჯახზე და კოლეგებზე. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ სხვებზე მეტს ზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დეროკის გადადგომამდე ტრამპმა ტვიტერის გვერდზე მას შეშლილი ელჩი უწოდა და განაცხადა, რომ მასთან აღარ იმუშავებდა.
ელჩის კონფიდენციალური ელექტრონული წერილები, რომლებიც კვირას გაზეთ Mail on Sunday–ში გამოქვეყნდა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიმართ მთელ რიგ კრიტიკულ მოსაზრებებს შეიცავდა. თეთრი სახლის პოლიტიკა წერილებში დახასიათებული იყო როგორც “მოუქნელი და არათანმიმდევრული.“
2017 წლით დათარიღებულ წერილებში ნათქვამია, რომ ხმები თეთრ სახლში განხეთქილებისა და ქაოსის შესახებ ძირითადად დადასტურდა, აშშ–ს პოლიტიკა კი ისეთ მიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის მაგალითად ირანი ქაოსური და არათანმიმდევრული აღმოჩნდა.
ბრიტანეთის მთავრობამ ელჩის წერილების გაჟონვის მიუხედავად ხაზი გაუსვა, რომ ლონდონსა და ვაშინგტონს კვლავინდებურად განსაკუთრებული და მყარი ურთიერთობები აკავშირებს.
გაზეთ Time-ის ინფორმაციით ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს გამოიძიოს, როგორ მოხვდა ჟურნალისტების ხელში ელჩის ტელეგრამები და ხომ არ არის ჩარეული ამ ისტორიაში რომელიმე მტრული სახელმწიფო.
თუმცა, ამავე დროს პრემიერ–მინისტრის კანცელარიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ წერილების ხელში ჩაგდების კვალი.