პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა მას სევდას გვრის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ქონდა. ამასთან, მან აღნიშნა რომ იმედი აქვს მიეცემა საშუალება დედოფალ ელისაბედ მეორეს ემსახუროს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentabale–ს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარიმ აღნიშნა, რომ უდიდეს პატივს სცემს ბებიას, რომელსაც მისი “უმაღლესი მთავარსარდალი“ უწოდა.
“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ შევძლებდით დედოფლის, თანამეგობრობის და სამხედრო ასოციაციების მსახურება გაგვეგრძელებინა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“– განაცხადა ჰარიმ და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მისი სახლია საყვარელი ადგილია და ასე დარჩება სამუდამოდ.
ორი დღის წინ ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ვეღარ შეძლებდნენ სამეფო ტიტულების გამოყენებას და სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებდნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან მათ მიმართ აღარ გამოიყენება მიმართვა “მისი სამეფო უდიდებულესობა“. თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგის სტატუსს შეინარჩუნებენ, ჰარი კი პრინცის ტიტულს, რომელიც დაბადებით ერგო.
ჰარიმ და მეგანმა ასევე განაცხადეს, რომ აპირებენ ბიუჯეტს დაუბრუნონ 2.4 მილიონი ფუნტი, რომელიც უინძორში მათი სახლის რემონტზე დაიხარჯა.
სანამ ჰარი და მეგანი სამეფო უფლებამოვალეობებისგან გამიჯვნის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მუდმივად ჩიოდნენ, რომ მედიის მხრიდან მათი პერსონების მიმართ მეტისმეტად დიდი ყურადღება და ზეწოლა იყო. ჰარი კი გამოთქვამდა შიშს, რომ მისი ცოლი შესაძლოა იმავე ძალების მსხვერპლი გამხდარიყო, რომლებმაც დედამისის, პრინცესა დაიანას სიკვდილი გამოიწვიეს.
როგორც თავის გამოსვლაში ჰარიმ აღიარა, როცა მეგანზე დაქორწინდა ორივე ენთუზიაზმით და იმედებით იყო სავსე და მზად იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ემსახურად.
“ამიტომაც ახლა ძალიან სევდიანი ვარ, რომ ყველაფერი ასე შემობრუნდა. ჩემი გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი მეუღლე განზე გავდივართ, ადვილად არ მიმიღია. იყო თვეობით მსჯელობა იმ მრავალწლიანი გამოწვეევბის შემდეგ, რომლებსაც ცხოვრება მთავაზობდა. ვიცი, რომ ყოველთვის სწორად არ ვიქცეოდი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა არჩევანი მართლა არ მქონია“– თქვა პრინცმა.