სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი – დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ევაკუირებული ადამიანებიდან 3 მათგანი ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის. ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ დაადასტურა.
შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა და ხევში ჩავარდა, თვითმფრინავი სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.