სტრასბურგში თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა

{{ARTICLEIMAGE}}
3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა სტრასბურგის ცენტრში სროლის შედეგად. 7 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმა 11 დეკემბერს საღამოს კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ავტომატიდან ცეცხლი ახალგაზრდა კაცმა გახსნა. თავდამსხმელი პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაიჭრა, თუმცა გატაცებული ავტომანქანით გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, რადგან ადრეც იყო ეჭვმიტანილი კანონის დარღვევაში.

“გაზეთ “ფიგაროს” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 29 წლისაა, პოლიციას 11 დეკემბერს, დილით უნდა დაეკავებინა, თუმცა, სახლიდან გაქცევა მოასწრო. ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ხელყუმბარები აღმოაჩინეს. საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილს მიანიჭეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირის სტატუსი. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა გამომძიებლები უკვე ღიად საუბრობენ ეჭვმიტანილის ტერორისტულ საქმიანობაზე. საქმეს იძიებენ პროკურატურის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება და შიდა უსაფრთხოების სამმართველო. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო, გვიან ღამით პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამართა კრიზისული საბჭოს სხდომა

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზრობაა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს. სტრასბურგში განთავსებულია ევროპარლამენტის შენობა, ევროსაბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო”,იუწყება რადიო თავისუფლება.