Sunday Express: უკრაინელი კომანდოსების ბრიგადას ბრიტანეთში ყირიმის გასათავისუფლებლად წვრთნიან

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე წვრთნას გადის უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ბრიგადა, რომელიც ყირიმის განთავისუფლებაში მიიღებს მონაწილეობას, წერს ბრიტანული გაზეთი Sunday Express.

სტატიაში ნათქვამია, რომ დაახლოებით 2000 სპეცრაზმელი დევონის საგრაფოს ქალაქ ოჰემპტონში მდებარე პოლიგონზე ვარჯიშობს .

გამოცემის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ყირიმში ოპერაციისთვის ემზადებიან, რომლის საწყის ეტაპზევე ჩაერთვებიან და „ბრძოლის ველის ფორმირებაში“მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ტერმინი დასავლურ სამხედრო მეცნიერებაში გამოიყენება და იგულისხმება მოსამზადებელი ღონისძიებების ერთობლიობა, მათ შორის ლოკალური საბრძოლო მოქმედებები, რომლის დროსაც ბრძოლაში ჩართული ძირითადი ძალები უზრუნველყოფილნი არიან  მტერზე უპირატესობით.

გამოცემა წერს, რომ ოპერაცია ყირიმში გააერთიანებს დარტყმებს ხმელეთიდან და ზღვიდან, ასევე ჰაერიდან – უფრო გრძელი რადიუსის რაკეტების გამოყენებით, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან იქნება მიწოდებული. თუმცა, ჯერჯერობით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ დათანხმდა უკრაინისთვის ასეთი რაკეტების მიწოდებას.

გაზეთი Sunday Express ბრიტანული ტაბლოიდია. ის აქამდე  უკრაინის ომის შესახებ გახმაურებული გამოძიებებით არ გამოირჩეოდა.