სურსათის ეროვნული სააგენტო საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს

​სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინოს არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი – ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები; სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს, სადაც, ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ“, – აღნიშნულია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;

სურსათის დასახელება – მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს და რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას! საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.