სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე პანდას მხარდაჭერას უცხადებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ფეისბუქის მიერ წაშლილ ყალბ ანგარიშებსა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან კავშირის მქონე სარეკლამო კომპანიას, პანდას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პოსტი გოგაშვილმა ფეისბუქით გაავრცელა.

“პანდა თუ შეძლებს შეეჭიდოს ამ სიბინძურეს და დაამარცხებს ცილისმწამებელთა არმიას, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი! წარმატებები ამ ახალგაზრდებს. მე თუ რამეში გამოვადგები, მთელს ჩემს რესურს და გამოცდილებას დავახმარებ მათ”, – წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს სოციალური მედიის გიგანტმა ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა. ამის მიზეზად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელება დასახელდა. ჯგუფები და ყალბი ექაუნთები  ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.