თბილისი პრაიდის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ბოლო ორ დღეში მათ ოფისს 2–ჯერ დაესხნენ თავს. ერთხელ ოფისის კართან კვერცხები დაამტვრიეს, მეორედ კი ოფისს გუდრონი შეასხეს.
მისი თქმით, პოლიცია ადგილზე მორიგებოდა, თუმცა ყველა თავდასხმის შემთხვევა მაინც გამოუძიებელია.
“ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს. გუშინ დილით კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას.
პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა.
ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება!”,– წერს თაბაგარი.
ცნობისთვის, Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი ივნისის დასაწყისშიც შეასხეს. როგორც მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ ოფისს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ თავს.