Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ და თხოვენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათდეს.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კამპანიის ფარგლებში ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს ლგბტ დროშები აივნებიდან და სხვადასხვა სივრციდან გადმოფინონ.
,,საქართველოში ქვიარ ადამიანებს ხშირად გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ცისარტყელას დროშა, რომელიც სიამაყის და მრავალფეროვნების სიმბოლოა, ჩვენს რეალობაში ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძვლად არაერთხელ ქცეულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული თვითგამოხატვის პირობებშიც კი, ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ მიმღებლობისკენ.
გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი!” – წერია მათ განცხადებაში.