Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სახელწოდების პოპულარულ მესენჯერს მართავს, საფრანგეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

ის საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმერიის ჟანდარმებმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე დააკავეს.

TF1-ის ცნობით, დუროვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ Telegram-ში მოდერაციის არარსებობამ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამორიცხვამ ის ამ ქსელში მომხდარი უკანონო ქმედებების, მათ შორის ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და თაღლითობის გავრცელების   თანამონაწილე გახადა .

ფრანგული მედია წერს, რომ დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას. წყაროებს არ ესმით, რატომ ჩავიდა ის ამჯერად.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა.

Telegram-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩომ „დაუყოვნებლივ გადადგა საჭირო ნაბიჯები მსგავს შემთხვევებში რუსეთის მოქალაქის ირგვლივ ვითარების გასარკვევად, მიუხედავად ბიზნესმენის წარმომადგენლების მიმართვის არარსებობისა“.