Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას – ნაუსედა მასკს მიმართავს

“Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას” – ასე ეხმაურება, ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე, სადაც მასკი გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

”ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ.” – განაცხადა ნაუსედამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

“რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

“მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

“იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

რაზეც მასკმა უპასუხა:

“არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

პასუხებია:

ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს