პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, რომ 40%-ის მქონე ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა და ახლა მათგან ამის უარყოფა უცნაურია. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა.
მისი თქმით, დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ, ხოლო ის, ვინც წააგებს, ნამდვილად ობიექტურად წააგებს.
“40%-ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული და უცნაური იქნება, თუ ოპოზიცია დღეს ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა ეს მოლაპარაკებები”, — განაცხადა თალაკვაძემ.