„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს.

ალიანსის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია  მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გამართა და განაცხადა,  რომ თამბაქოს საწინააღმდეგო საშუალებები გარკვეული ჯგუფებისთვის სრულიად  უფასო უნდა იყოს.

როგორც მან აღნიშნა, მათ ალიანსის ინიციატივაზე  ჯანდაცვის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პრობლემა სხვა უწყებასთან აქვთ.

„ასეთი მედიკამენტები, კონკრეტული ჯგუფებისათვის, მაგალითად, ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე მძიმე სენით შეპყრობლებისთვის, ინფარქტით, ინსულტით და ა.შ, ან სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უნდა იყოს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ანუ შესაძლებელია უფასოდ მიეწოდოთ თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, რასაც მოვუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას. გარკვეული მზაობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის კიდეც. მარტის დასაწყისში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მსჯელობენ ამ საკითხზე და უახლოეს პერიოდში, ეს მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ფინანსთა სამინისტროში ეს გადაწყვეტილება კეთილსაიმედო არ არის. მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში, რომ ესა და ეს წამალი, ამა და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექვემდებარება დღგ-ს გადახდას, მაშინ როდესაც საერთაშორისო საბაჟო წესებით და საგადასახადო კოდექსით, არის დღგ-სგან გათავისუფლებული“, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

„როდესაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, პარალელურად მიდიოდა საუბარი თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარებაზე. არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, არსებობს კლინიკებიც და კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის ფარმაცევტული, სადაც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მივიდეს და გარკვეული სერვისი მიიღოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ ყველა ის საშუალება, ასევე მედიკამენტი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტი იბეგრება დღგ-თი და ასევე საბაჟო მოსაკრებლით, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად აძვირებს ამ პროდუქტს და ხელმწისაწვდომობას ზღუდავს მწეველებისათვის.

არის საერთაშორისო რეგულაციები და მათ შორის საგადასახადო კოდექსიც, რომელიც ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, გათავისფლებული უნდა იყოს დღგ-სგან. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციას აწარმოებს, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს ბაზა. ფაქტობრივად, ჩვენ დავრჩებით ეფექტური, ან ნაკლებ ეფექტური მედიკამენტებისა და საშუალებების ამარა“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.