თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები- კალაძე ენმ-ზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში პირბადეების დარიგებით მავნებლობა გააკეთა და ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, მეორე მავნებლობა ის არის, რომ ამას მერიის საქმიანობასთან ადარებენ.

,, ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?! ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის, რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს დახურულ სივრცეში თბილისის მერი, წითელ ჯვართან და სხვა ადამიანებთან ერთად როგორ აგროვებს პროდუქტს. კალაძის განმარტებით, ადგილზე შეკრებილ ადამიანებიდან ყველა იყო გადამზადებული, ჰქონდათ აღჭურვილობა და იცავდნენ უსაფრთხოების წესებს.

,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რის გამოც ორგანიზაცია შსს-მ 15 ათასი ლარით დააჯარიმა.