ბიბისი წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი პორნოსაიტი – pornhub დიდ ფულს აკეთებს ე.წ. “პორნოშურისიძების“ ვიდეოებით და დაზარალებულების მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად საიტიდან მათ წაშლას არ ჩქარობს.
პორნოშურისძიების ერთ–ერთი მსხვერპლი – სოფი (სახელი შეცვლილია) ბიბისის უყვება, რომ თავს ძალიან დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობდა მას შემდეგ, რაც ვიდეო მისი მონაწილეობით საიტზე ასობით ათასმა ადამიანმა ნახა.
პორნოშურისძიებას ინტერნეტში ინტიმური ფოტოების ან ვიდეოს განთავსებას უწოდებენ იმ ადამიანის თანხმობის გარეშე, რომელიც ამ ფოტოებზე და ვიდეოზეა ასახული. ყველაზე ხშირად ასეთ მასალებს ყოფილი შეყვარები ან მეუღლეები ათავსებენ შურისძიების მიზნით.
ინტერნეტ კამპანია #NotYourPorn–ის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი კონტენტი ვებგვერდის სათაო კომპანიას – MindGeek–ს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ფული იშოვოს რეკლამით.
საიტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ასეთი ვიდეოების გამოქვეყნებას არ ემხრობიან და ამტკიცებენ, რომ მათ კომპანიაში ამ ინდუსტრიაში ყველაზე პროგრესული პოლიტიკა მოქმედებს პორნოშურისძიების საწინააღმდეგოდ.
პორნოსაიტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ არ აღმოუჩენია არანაირი მოთხოვნა ამ კონკრეტული გოგონასგან მისი მონაწილეობით ვიდეოს წაშლის შესახებ.
შოკირებული და დამცირებული
სოფი ბიბისის უყვება, რომ ერთხელ წლინახევრის წინ ოჯახთან ერთად ყოფნისას ხელში ტელეფონი აიღო და უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი აღმოაჩინა.
როგორც გაირკვა, მისი დის ბოიფრენდმა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პორნოსაიტზე აღმოაჩინა ვიდეო მისი მონაწილეობით.
იმ მომენტისთვის ვიდეოს უკვე ასობით ათასი ნახვა ქონდა. “შოკირებული ვიყავი, დამცირებული. თავს განადგურებულად ვგრძნობდი“ – ამბობს სოფი.
წარსულში მან ყოფილ პარტნიორთან ერთად ექვსი ინტიმური ხასიათის ვიდეორგოლი ჩაწერა.ისინი ერთმანეთს ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ყოფილმა ბოიფრენდმა პორნოსაიტზე ვიდეოები გოგონას ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა.
საიტიდან ვიდეოების წაშლას ერთი კვირა დასჭირდა მას შემდეგ, რაც სოფიმ მათი არსებობის შესახებ გაიგო.მისი თქმით, მის საჩივარს საიტის ადმინისტრაცია უგულისყუროდ მოეკიდა. ის სხვა კომპანიასთან დააკავშირეს, რომელიც მოთხოვნებს ამუშავებს. იმ კომპანიაში მისი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. სოფიმ პოლიციასაც მიმართა, მაგრამ დღემდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
მოძრაობა #NotYourPorn–ის აქტივისტი კეიტ აიზეკი ამბობს, რომ პორნოშურისძიების მიზნით გავრცელებული ვიდეოები ხშირად ხვდება საიტის “სამოყვარულო“ ან “ საოჯახო“ ვიდეოების კატეგორიაში. ეს განყოფილებები საიტის რეკლამის დამკვეთებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
როცა ინტერნეტში გამოჩნდა პორნოვიდეო მისი მონაწილეობით, სოფის უკვე ახალი ურთიერთობა ქონდა, რომლისთვიაც ეს ამბავი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. როგორც გოგონა ამბობს, მისი ბოიფრენდის მეგობრები ვიდეოს გამოქვეყნების გამო მასხრად იგდებდნენ.
გარდა ამისა, ამ ვიდეოებმა დიდი ტრავმა მიაყენა მის მოზარდ გოგონას, რომელიც მას შემდეგ როგორც დედა ამბობს გონზე ვერ მოსულა.
“კონტენტი, რომელსაც Pornhub–ზე ტვირთავენ ჩვენი წესების დარღვევით, მაშინვე იშლება, როგორც კი ჩვენთვის ამის შესახებ ცნობილი ხდება. ეს ეხება იმ ვიდეოებსაც, რომლის მონაწილეებსაც არ მიუციათ გამოქვეყნების თანხმობა“ – ამბობს საიტის ვიცე პრეზიდენტი კორი პრაისი.
მისი თქმით, 2015 წლიდან საიტზე არსებობს საჩივრის ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისი მონაწილეობითაც ვიდეო მათი თანხმობის გარეშე აიტვირთა და კომპანია პრონოშურისძიებას სექსუალური ძალადობის ფორმად განიხილავს. გარდა ამისა, პრაისის მტკიცებით საიტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ავტომატურად ამოწმებს, რომ წაშლილი ვიდეორგოლები საიტზე ხელახლა არ აიტვირთოს.