The Walt Disney რუსეთის ბაზარს ტოვებს და ქვეყანაში ყველა აქტივობას აჩერებს

ამერიკული კომპანია, The Walt Disney რუსეთის ბაზარს ტოვებს და ქვეყანაში ყველანაირ აქტივობას აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიიღო. ინფორმაციას The Walt Disney Company ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გასულ კვირას განვაცხადეთ, რომ რუსეთის კინოთეატრებში ჩვენ მიერ წარმოებული ფილმების ჩვენება შევწყვიტეთ. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ჩვენი ყველანაირი ბიზნესი შევაჩეროთ. კერძოდ კი  ვწყვეტთ ჩვენი პროდუქციის ლიცენზირებას, Disney Cruise Line-ის აქტივობებს, ჟურნალ National Geographic-ის გამოცემას, სხვადასხვა სახის ტურებს, სტრიმინგ პლატფორმასა და სატელევიზიო მაუწყებლობას. ამის მიუხედავად, ჩვენი პატივსაცემი კოლეგები, ვინც რუსეთში დისნეის თანამშრომლები იყვნენ, შემოსავალს არ დაკარგავენ. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მათი საჭიროებების მიხედვით დახმარება აღმოვუჩინოთ”. – ნათქვამია  კომპანიის განცხადებაში.